სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო

16 აპრილი 2022

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის (30,386,078 ლარი) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი,მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გურჯაანის მერი ზურაბ უტიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და პარლამენტის სხვა დეპუტატები, აგრეთვე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი.

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის  მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა.

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ველისციხის თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც.   ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრი 130 წლის ისტორიას ითვლის. ველისციხეში სცენისმოყვარეთა წარმოდგენები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იმართებოდა. პირველი წარმოდგენები 1885 წელს დაიდგა. ეს იყო დიდი მოვლენა სოფლის კულტურულ ცხოვრებაში. ველისციხის თეატრი ერთ-ერთი საუკეთესო სარაიონო თეატრი იყო, რომელიც ემსახურებოდა ირგვლივ მდებარე სოფლებსაც.

თავად სოფელი ველისციხე კახეთის ერთ-ერთი უძველესი და დიდი დასახლებაა. იგი მდებარეობდა აღმოსავლეთისკენ მიმავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე. სოფელში განსაკუთრებით მევენახეობა იყო განვითარებული. ფუნქციონირებდა წყლის წისქვილების მთელი სისტემაც.

სოფელ ველისციხეში არსებული ნაგებობები გამოირჩევა არქიტექტურით და მისი განახლებით, კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებით მდიდარი, ტურისტულად საინტერესო ცენტრი შეემატება, რაც თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.

სოფელ ველისციხის ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.