პროგრამა ,,განახლებული რეგიონებით“ საგარეჯოში 22 შენობის, სკვერისა და შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 აპრილი 2022

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამაგანახლებული რეგიონები" ფარგლებში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

კახეთში პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა საგარეჯოში დავით აღმაშენებლის ქუჩის, ცენტრალური ქუჩის და მოედნის რეაბილიტაცია. სულ, საგარეჯოში რეაბილიტაცია უტარდება 22 შენობას, სკვერს და შადრევანს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილე გიორგი ციბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების უმეტესობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე პროგრამის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.