ქობულეთში ახალი ბულვარი შენდება

3 აპრილი 2022

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს 900 მეტრამდე სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.    

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძესთან ერთად  სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტის მიხედვით, ეწყობა მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე სანაპირო ზოლის 885 მეტრის სიგრძის გამყოფი კედელი, 900 მეტრის სიგრძისა და 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი, 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ გათვალისწინებულია კომერციული ზონების, რეკრიაციული, საბავშო  და სპორტული ზონების მოწყობა ატრაქციონებვითა და პლაჟის ფეხბურთის მოედნით. რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყობა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ხოლო ძველ ბულვართან დასაკავშირებლად აშენდება საფეხმავლო ხიდი.

ქობულეთის სანაპირო ზოლის  რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების  ღირებულება 7 600 000 ლარია. 

პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ბათუმში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. 

„განახლებული რეგიონების“ უპრეცედენტო,  4  წლიან პროგრამა, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება, მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს - ფაქტობრივად ქვეყნის მთელ ტერიტორიას - და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას ანუ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას. 

პროგრამით დაფინანსებული პროექტები მოიცავს მნიშვნელოვან კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების  რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობას და სხვა.

პროგრამის მიზანია ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა. ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს თითოეული მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას და მოსახლეობისათვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს.