შეხვედრაზე რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

 მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე  რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძეს და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და სამომავლო პრიორიტეტები დასახეს.

ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ პროცესში ჩართულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპლაური განვითარების ფონდი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სარემონტო სამუშაოები პირველ რიგში იმ საჯარო სკოლებში ჩატარდება, სადაც შენობები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

დღეისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის N25 და N 26 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სკოლებში შესაძლებელი იქნება 2200-ზე მეტი ბავშვის მიღება

დაგეგმილია კიდევ 4 სკოლის რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციამდე სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ და კეთილმოწყობილ გარემოში განაგრძობენ სწავლას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში 67 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა.  საგანმანათლებლო პროგრამას  საქართველოს მთავრობა  და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.