ირაკლი ქარსელაძე - კახეთში საგზაო, მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს

11 თებერვალი 2022

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ კახეთის რეგიონში, ყვარლის, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო, წყალმომარაგებისა და „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე,  მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ყვარელში დასრულდა ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე 2 შენობის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 4 შენობის განახლების და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშოები. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის კი, 39.6 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი მიმდინარეობს. მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, რეაბილიტირდება არსებული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ჭაბურღილები და მილსადენი. ასევე, აშენდება წყალარინების ახალი ქსელი და დაიწყება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო სამუშაოები. პროექტების დასრულების შემდეგ, ყვარლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე სისტემებითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს.

 „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს ახმეტაშიც. უკვე დასრულდა ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის ურბანული განახლება, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ტროტუარები, ბორდიურები, ღობეები, სახლებში შესასვლელი ჭიშკრები და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. მიმდინარე თვეში კი დაიწყება ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის 11 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები და 2 სკვერის კეთილმოწყობა. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარი.

ლაგოდეხში მიმდინარეობს ზაქათალის ქუჩისა და ე.წ. „პოლკოვის ბაღის“ რეაბილიტაცია.

წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელი მატანშიც.  შენდება სათავე ნაგებობა, ახალი რეზერვუარი, ეწყობა მაგისტრალური და 65 000 მშიდა ქსელი, რის შედეგადაც 4500-მდე ადგილობრივ მოსახლეს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.