პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია

1 დეკემბერი 2021

 "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ფოთში აღმაშენებლის ქუჩის, ხოლო სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის და რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაცია.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.