სოფელ ძველ ანაგაში ბავშვები სრულად განახლებულ სკოლაში წავიდნენ

18 ოქტომბერი 2021

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.

ფონდმა კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში 200 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.

რეაბილიტირებული სკოლა ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ამორტიზირებული სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად იქნა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.