სიღნაღის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21 სექტემბერი 2021

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2.6 მილიონ ლარს სცდება.

 

 სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.

ქიზიყის  ქუჩაზე არსებული გზა დაზიანებული იყო და ქალაქის მოსახლეობას მასზე გადაადგილება ძალიან უჭირდა. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 3,5 კმ-იანი გზის დაგება, სამი სახიდე გადასასვლელის, დაერთებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე დაგეგმილია მოსახლეობისთვის ეზოში შესასვლელების მოწესრიგება.

 

 გზის რეაბილიტაციის შედეგად, ქალაქ წნორის მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.