წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 560 ბინა აშენდა

16 აგვისტო 2021

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი ააშენა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ. 420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ 420 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებენ.

პროექტი ითვალისწინებდა 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების მონტაჟს, საბავშვო მოედნებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. კორპუსებს აქვს საკუთარი ავტოსადგომი,  პანდუსები,  გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

წყალტუბოში 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იძულებით გადაადგილებული 140 ოჯახისთვის 2020 წელს  უკვე დასრულდა.

წყალტუბოში სახლების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში მისი ღირებულება 37 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560  დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდა.

წყალტუბოს გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და ქუთაისში ახორციელებს. ასევე, უკვე დასრულებულია პროექტი მცხეთაში. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2022 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.  საცხოვრებელი სახლი 2440 ოჯახს გადაეცემა.