შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის მდებარეობები პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სპეციალურმა კომისიამ შეარჩია

 შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის მდებარეობები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სპეციალურმა კომისიამ დღეს შეარჩია.

რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, შეირჩა: გორის მუნიციპალიტეტში ცენტრალური (სტალინის) გამზირი, კასპის მუნიციპალიტეტში - ქალაქის ცენტრი და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერი, ქარელის მუნიციპალიტეტში - ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ნინოშვილის ქუჩები, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში - ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.

ქალაქ გორში კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში მამუკა საღარეიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„უკვე 8 რეგიონი მოვიარეთ და კომისიის სხდომები ჩავატარეთ, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. განსავითარებელი არეალები ყველგან წარმოადგინა მუნიციპალიტეტებმა, ანუ იმ ადამიანებმა, ვისაც კარგად ესმის ადგილზე არსებული საჭიროება და გამოწვევები. რა თქმა უნდა სჭიროება ბევრად მეტია, ვიდრე ამას პირველი ეტაპი მოიცავს, თუმცა ეს არის ის დასაწყისი, რომელიც ძალიან დიდი მუხტს მისცემს როგორც მოსახლეობას, ისე - ვიზიტორებს. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური გარემოს თვისობრივი განახლება, განვითარება და რეალურად ახალი შესაძლებლობების გაჩენა, რათა მაქსიმალურ ინკლუზიურობას მივაღწიოთ,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოს 4 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. დღესვე კომისია ახალციხეში შეიკრიბება და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში განსავითარებელ არეალებზე იმსჯელებს.

ტენდერები უკვე ყველა მუნიციპალიტეტისათვის გამოცხადდა. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.