რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება

 რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება.

ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის მდებარეობებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სპეციალური კომისია დღეს შეარჩევს.

კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

7 მუნიციპალიტეტის წარდგენილი წინადადებებიდან, უ

კვე გადაწყდა ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირის და მერიის წინ მოედნის ურბანული განახლება, პროექტების/ესკიზების წარმოდგენა კი გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოს 2 რეგიონში - კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისათვის ტენდერები მიმდინარე კვირას გამოცხადდა. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.