ურბანული განვითარებისთვის კახეთის მდებარეობები პროგრამა „განახლებული რეგიონებისთვის“ კომისიამ უკვე შეარჩია

11 მაისი 2021

 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ თელავში ჩატარებულ სხდომაზე კახეთის 8 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები შეარჩია.

მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი წინადადებებიდან კომისიამ ის მდებარეობები შეარჩია, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ:

თელავი - თელავის შემოსასვლელი (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა)

ახმეტა - ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია; მდინარე ორვილას ხიდი (განახლება)

გურჯაანი - ი. ნონეშვილის ქუჩა და ე.წ. „პაპასბაღის“ და „ბებოსბაღი“

დედოფლისწყარო - ცენტრის და რუსთაველის ქუჩა; ნიკო ფიროსმანის მუზეუმი; შინ მოუსვლელთა მემორიალური პარკი

ლაგოდეხი - ზაქათალის ქუჩა და ე.წ. „პოლკოვის ბაღი“

საგარეჯო - დავით აღმაშენებლის ქუჩა; ცენტრალური ქუჩა და მოედანი

სიღნაღი - სხვადასხვა ქუჩაზე სეგმენტურად რეაბილიტაცია; ახალი ლოკაციების აღმოჩენა; ციხე გალავანის რეაბილიტაცია და განათების მოწყობა

ყვარელი - ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური  კომისიის სხდომა ქალაქ თელავში კახეთის რეგიონისთვის გაიმართა, სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში ტენდერები გუშინ გამოცხადდა.  კომისიის სხდომები უკვე ჩატარდა დასავლეთ საქართველოში. მიმდინარე კვირაში კომისიები აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.