პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ყველა ტენდერი გამოცხადებულია და შერჩეულია სარეაბილიტაციო არეალები

10 მაისი 2021

 "პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ყველა ტენდერი გამოცხადებულია და შერჩეულია სარეაბილიტაციო არეალები, მალე აღმოსავლეთ საქართველოში გადავინაცვლებთ და შესაბამისად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად სამოცდასამივე მუნიციპალიტეტს მოვიცავთ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია ისეთი მდებარეობები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
საკმაოდ ვრცელია შერჩეული არეალების ჩამონათვალი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის პირველი ეტაპი და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. უკვე გამოცხადებული ტენდერებიდან დღეს იხსნება შვიდი, რასაც ახალი გამოცხადებები მოჰყვება და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა უწყვეტ რეჟიმში განვითარდება. შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკვე ადგილებზე, მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, წარმოადგენენ საპროექტო დოკუმენტაციას და ჩაერთვებიან სამშენებლო სამუშაოებში.“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიის სხდომები მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაიმართება.