საჩხერის 5 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის 9 მილიონიანი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სოფლების გამართული წყალმომარაგებისთვის მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალსადენები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელები.

წყალმომარაგების სისტემის არ არსებობის გამო, სოფლები წყლით მარაგდებოდა ზოგიერთ უბანში კუსტარულად მოწყობილი მცირე ქსელებითა და ავზებით. დარჩენილი მოსახლეობა კი, სარგებლობდა ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით.

პროექტის დასრულების შემდეგ პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მაცხოვრებელი  უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, უახლოეს მომავალში, სოფლის მოსახლეობას წყალი ახალი წყალმომარაგების ქსელით მიეწოდება.