წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლები შენდება

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარს აღწევს.

პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ 420 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებენ.

პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

წყალტუბოში 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იძულებით გადაადგილებული 140 ოჯახისთვის 2020 წელს  უკვე დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

წყალტუბოს გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და ქუთაისში ახორციელებს. ასევე, უკვე დასრულებულია პროექტი მცხეთაში. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2022 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.  საცხოვრებელი სახლი 2440 ოჯახს გადაეცემა.