რუსთავს თანამედროვე სტანდარტების 22 ახალი ავტობუსი გადაეცა

7 თებერვალი 2021

 ათწლეულების განმავლობაში პირველად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავს 22 ერთეული (83 მგზავრზე გათვლილი) ევრო-5 სტანდარტის ახალი ავტობუსი უკვე გადასცა. გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი მუნიციპალური ავტობუსებით  რუსთავის მოსახლეობა 8 თებერვლიდან ისარგებლებს.

პროგრამით გათვალისწინებულ დამატებით 18 ახალ ავტობუსს რუსთავი უახლოეს მომავალში მიიღებს.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს  60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.