გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დასრულდა

7 ნოემბერი 2020

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდა და აღიჭურვა ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.

კახეთის რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. პროექტის დასრულების შედეგად, მიუსაფარი ცხოველების  პრობლემა სრულად მოგვარდება.