საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის ხარვეზებს კონტრაქტორი კომპანია ეტაპობრივად გამოასწორებს

4 სექტემბერი 2020

 ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს,  კონტრაქტორი კომპანია,  ხელშეკრულების გათვალისწინებით ეტაპობრივად გამოასწორებს.

პროექტის ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოების შედეგად, 110 კმ -იანი გამანაწილებელი ქსელი  და 2800 აბონენტთან ინდივიდუალური კვანძები მოეწყო.

სამუშაოების შესრულების პროცესს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ  შესრულების ხარისხთან დაკავშირებული დეფექტებისთვის კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი მითითება მიეცა და იგი ყველა ხარვეზს  საკუთარი ხარჯებით გამოასწორებს.

 „საგარეჯოს წყალმომარაგების პირველი ფაზის სამუშაო, რაც  მოიცავდა ქსელის მოწყობას, პრაქტიკულად, დასრულებულია. შესრულებული სამუშაოს  ტესტირების რეჟიმში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები და დეფექტები. შესაბამისად, დღეს ვიყავით ყველა მუშა ჯგუფი, შეხვედრა შედგა მუნიციპალიტეტში. ამ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი მითითება მიეცა კონტრაქტორ კომპანიას. იგი თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ყველა ამ დეფექტის გასწორებას. შესაბამისად, იდენტიფიცირებულია ის ადგილები, სადაც უნდა მოხდეს დამატებითი ჩარევა. ამავე დროს, დამატებითი მოკვლევის საგანი გახლავთ და შესაბამისი სტრუქტურებიც ჩართულები არიან. ვფიქრობთ რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განვახორციელოთ ორივე ფაზის შეჯერებული გეგმა-გრაფიკით პროექტის განხორციელება.“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ამჟამად, საგარეჯოში მიმდინარეობს წყალმომარაგების მეორე ფაზის სამუშაოები, რაც  არსებული რეზერვუარების რეკონსტრუქციას და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, საგარეჯოს 2800 აბონენტი მაღალი ხარისხის წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.