წყალტუბოში მუდმივი საცხოვრებლით 560 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

22 იანვარი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560  დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილებს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლებში იცხოვრებენ.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება,  ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი.  თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი,  პანდუსები,  გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

წყალტუბოს გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და ქუთაისში ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2019-2020 წლებში 145 მილიონი ლარია. ჯამში, პროგრამის ფარგლებში, 120 ოჯახი დაკმაყოფილდა ქ.მცხეთაში საცხოვრებელი ფართით და 2320 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი 2020-2021 წლებში.