ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალი 6 კილომეტრიანი გზა დააკავშირებს

13 იანვარი 2020

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფლების წინსოფელისა და ჭილოვანის, მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას 2020 წლის თებერვალში დაასრულებს. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი,  მოეწყობა  ეზოში შესასვლელები, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან  ბესიკ გოფოძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას. 

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.