მგფ-მა თერჯოლაში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გახსნა

25 ნოემბერი 2013

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როი პლაკნეტმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თერჯოლაში  44  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

 თერჯოლაში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის  კიდევ ერთი 44  ბინიანი საცხოვრებელი  სახლის რეაბილიტაცია დაასრულა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1501395.27 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 44 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 13 ერთოთახიანი, 22 ოროთახიანი 9 სამოთახიანი, მათ შორის, ორი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.

პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 50  ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 15 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობელები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი.  პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული შენობები ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში,  მარნეულსა და ქარელში უკვე გაიხსნა, თერჯოლის შემდეგ რეაბილიტირებული 4 კორპუსი ზესტაფონში გაიხსნება.