ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

19 სექტემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას. სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.  პროექტი 2020 წელს დასრულდება.