მგფ-მა ქარელში 56 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა

20 ნოემბერი 2013

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როი პლაკნეტმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელში 56  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

 ქარელის  მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის  კიდევ ერთი 56 ბინიანი საცხოვრებელი  სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. 

ქარელის მუნიციპალიტეტში ყოფილი პროფესიული სკოლის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება1533366.80 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 56 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 34 ერთოთახიანი, 18 ოროთახიანი 4 სამოთახიანი, მათ შორის, სამი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.

პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 45  ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 25 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობელები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი.  პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული შენობები ქუთაისში, წყალტუბოში, ვანსა და მარნეულში. ქარელის შემდეგ დარჩენილი შენობების გახსნაც ეტაპობრივად მოხდება.