საჩხერეში კონფლიქტისპირა 5 სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

10 მაისი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში,  კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 11.5 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პერევი, ჯრია, დარყა, ჭალა და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების და 80 კმ წყალსადენი მილის მოწყობა. ასევე დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც.

ამ დროისთვის სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემები, ზოგიერთ უბნებში მოწყობილია მცირე ქსელები და სამარაგო ავზები, თუმცა ისინი კუსტარულია და არ აკმაყოფილებს ნორმებს. დარჩენილი მოსახლეობა სარგებლობს ან ადგილობრივი წყაროების ან ჭების წყლით. პროექტის დასრულების შემდეგ კი პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე  24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.