მცხეთის გენგეგმას დარგობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეიმუშავებს

26 მარტი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.  

ხელშეკრულება გაფორმდა ამხანაგობა ,,აქოლისთან”, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს. 
საკონკურსო მოთხოვნები შემუშავდა ქართველი სპეციალისტებისა და UNESCO-ს წარმომადგენლების მონაწილეობით. მათ მიერ დადგენილმა სტანდარტებმა და ამოცანებმა, პროექტის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სხვადასხვა გამოცდილების, კომპეტენციისა და სპეციფიკის სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამხანაგობის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს შესასრულებელი სამუშაოების საკუთარი ხედვა გააცნეს. 
სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით „აქოლისმა“ უნდა მოამზადოს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმა, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრი. გენგეგმა სარეკრეაციო  და ტურისტული ზონების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების შექმნას, სატრნსპორტო სისტემების განახლებას ითვალისწინებს. 
1994 წელს, ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა განაპირობა. UNESCO აქტიურად ითანამშრომლებს ამხანაგობასთან და ეტაპობრივად გასცემს რეკომენდაციებს ქალაქის უსისტემო და ქაოტური განვითარების თავიდან აცილებასა და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით. 
გენგეგმის მომზადებისას ამხანაგობა „აქოლისი“ გაითვალისწინებს ქალაქგანვითარების ძირითად მიმართულებას და დაიცავს წონასწორობას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის. 
მცხეთის გენგეგმის შემუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ეტაპებს შორის მოეწყობა, განხილვები, როგორც სხვადასხვა უწყებასთან, ისე მოსახლეობასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. 
ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის მომზადება წლის ბოლოსთვის დასრულდება. სახელმწიფო მომზადებული დოკუმენტაციით იხელმძღვანელებს და დაინტერესებული მხარეების ინტერესებს დააბალანსებს.
ამხანაგობა „აქოლისში“ ერთიანდებიან  ააიპ „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი“, შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“, შპს ,,თავისუფალი არქიტექტორები“, შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“, ააიპ ,,ინჟინრული აზრი“, შპს ,,ეს თი ეს“, შპს ,,პროექტ სერვისი“ და შპს ,,ჯ.თ.გ სტუდია“.
,,აქოლისის“ წევრებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა - გუდაურის, იყალთოს ხევის, უშგულის თემის სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმების და ტერიტორიების გამოყენება-განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება, ნიკორწმინდისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვა, ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენა, მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის გეგმის შემუშავება და სხვა.