მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში ორი კორპუსი ააშენა

28 ოქტომბერი 2013

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით (KFW) იძულებით გადააადგილებულ პირთათვის 4 სართულიანი ახალი კორპუსი ააშენა, ყოფილი სასტუმრო აიეტის 9 სართულიან კორპუსში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ჯამში ახალი კორპუსის აშენებისა და სასტუმროს რებილიტაციის შედეგად 104 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცემათ. ფოთის მუნიციპალიტეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მშენებლობა გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 4,5 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე 100 ადამიანი ყავდა დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია შპს „ინდიკო“ ახორციელებდა. პროექტი 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. ყოფილი სასტუმრო „აიეტის“ შენობის რეაბილიტაციის შედეგად ჯამში 73 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა, გარემონტდა 35 ერთოთახიანი, 11 ოროთახიანი, 20 სამოთახიანი და 7 ოთხოთახიანი ბინა. ასევე ერთი ქალთა საცხოვრებელი სახლი. ჯამში შენობის საცხოვრებელი ფართი 3524.86 კვ.მეტრია. რაც შეეხება ახლად აშენებულ ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ჯამში 31 ბინის მშენებლობა მოხდა, რომლის საერთო ფართი 1643 კვ.მეტრია. აშენდა 8 ერთოთახიანი, 15 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა. როგორც ახლად აშენებულ, ასევე რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლებში გაკეთებულია აბაზანა ტუალეტი, სამზარეულო, დამონტაჟდა კარმის ტიპის გამათბობლები, ასევე ყველა ბინაში დაიდგა გაზის ღუმელი, აბაზანებში დამონტაჟდა ელექტრო წყალგამაცხელებელი მოწყობილობა, სამზარეულოებში კი ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა. რეაბილიტირებულ 9 სართულიან კორპუსში დამონტაჯებულია 2 ლიფტი. მოასფალტებულია მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოეწყო ბალახის საფარი. ყველა ბინას აქვს ინდივიდუალური გამრიცხველიანება.