გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

27 ნოემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ფონდი გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის პროექტს ახორციელებს. 

აღნიშნულ პროექტში არ იყო გათვალისწინებული სოფელ ატოცის ჭაბურღილის მოწყობა, მაგრამ მოსახლეობის თხოვნით, ფონდმა ცვლილება შეიტანა კონტრაქტში და დაამატა სოფელ ატოცში შესასრულებელი სამუშაოები. 

„მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად აგრძელებს კონფლიქტისპირა სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე დაემატა სოფელ ატოცის ჭაბურღილის მოწყობა, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და 2019 წლის იანვარში დასრულდება“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ. 

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის იანვარში სრულდება და დაიწყება მეორე ეტაპი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლები უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით.