საქართველოს მთავრობამ მიუსაფართა თავშესაფრის პროექტი დაამტკიცა

6 მარტი 2014

მიუსაფართა თავშესაფრის  მშენებლობის პროექტი მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ წარადგინა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება  1 754 424 ლარი იქნება. 

მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტი დიდი ლილოს ტერიტორიაზე სენდვიჩ-პანელებისგან აწყობილი ერთსართულიანი კონსტრუქციის მშენებლობას ითვალისწინებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. თავშესაფარში მოეწყობა ორი საცხოვრებელი ფლიგელი სველი წერტილებით მამაკაცებისა და ქალებისთვის,  სასადილო, რომელიც 160-180 ადამიანზე იქნება გათვლილი და 2 ცვლაზე იმუშავებს, ადმინისტრაციული შენობა, დაცვის და მიმღების ოთახები, კრიზისული ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები. ეზოშივე განლაგდება სამედიცინო პუნქტი, რომელიც შედგება მისაღებისაგან, 12 ადამიანზე გათვლილი კარანტინისაგან, ფსიქოლოგის ოთახისა და სველი წერტილებისგან. საერთო ჯამში, პროექტის მიხედვით, თავშესაფარი 4 170 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე განთავსდება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობაც.