სამთავრობო კომისიამ მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის შესახებ იმსჯელა

28 თებერვალი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ ხარჯთაღრიცხვის შესახებ მსჯელობა იყო, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებით, მიუსაფართა თავშესაფარი დიდი ლილოს ტერიტორიაზე განთავსდება და გათვლილი იქნება 240 ბენეფიციარზე. იქვე  განთავსდება კვების, სამედიცინო და სასწყობე ბლოკები, ადმინისტრაციული ნაწილი და სხვა. თავშესაფარში მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივად ეყოლება დაცვა. შენობის მშენებლობა კი, სავარაუდოდ, 1,5 მლნ. ლარი დაჯდება.

კომისიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის  მიერ წარმოდგენილი პროექტი უკვე მოიწონა, რაც განკარგულების პროექტის მომზადების საფუძველი გახდება. აღნიშნული პროექტი უახლოეს სხდომაზე მთავრობას წარედგინება, შემდგომი დამტკიცების მიზნით. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო სამუშაოებს დაიწყებს. შერჩეული ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწესრიგების შემდეგ, იქ, მშენებლობის პარალელურად, კარვებსაც გადაიტანენ.

დღესვე, კომისიის წევრებმა განიხილეს მიუსაფართა თავშესაფრის ბინადართა სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კომპანიის ჩანაცვლების საკითხიც. როგორც ცნობილი გახდა, მარტის თვიდან აღნიშნული ვალდებულება სათნოების სახლ „კათარზისს“ დაეკისრება.

რაც შეეხება მიუსაფართა დროებით თავშესაფარში დღეს მყოფ ადამიანებს, ისინი სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სამედიცინო მომსახურებით, საწვავი შეშითა და სხვა საჭირო სერვისებით.