რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება

11 სექტემბერი 2013

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა III საერთშორისო კონფერენციამ – „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“, დღეს მუშაობა დაიწყო. კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ გახსნა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა, უცხოელმა სტუმრებმა. „მოხარული ვარ, რომ ეს კონფერენცია ტარდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, – „თანამედროვე ტექნოლოგიების, მონიტორინგის თანამედროვე სისტემების დანერგვა მნიშვნელოვანია გზების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვიწყებთ რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება მეტად დროულია.“

ინფრასტრუქტურაში არსებულ ვითარებასა და სფეროში დაგეგმილ რეფორმებს შეეხო თავის გამოსვლაში დავით ნარმანია. „გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ყველა სახელმწიფო, რომელიც თავის მოსახლეობაზე ზრუნავს, მათ დიდ ყურადღებას აქცევს. ჩვენ გვინდა, არ ჩამოვრჩეთ დროს და შევქმნათ ხანგრძლივ ვადებზე გათვლილი კომუნიკაციები,“ – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, – „ყველას გვახსოვს, როგორ იგებოდა საქართველოში გზები და მალევე იყრებოდა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოეცვალათ. თუ გზებსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს ერთ ორგანულ მთლიანობად არ განვიხილავთ, საჯარო ინფრასტრუქტურაში მუდამ უწესრიგობა გვექნება. ახლა ყველაფერს პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. თუ 2013 წელი ერთწლიანი ოპერატიული გეგმით „გადავაგორეთ“, მალე ჩვენ გვექნება 2014-2017 წლის სამოქმედო სტრატეგია და ახალი საგზაო რუკა, რომელიც ორგანულად იქნება დაკავშირებული მიწისქვეშა კომუნიკაციებთან და დეტალურად აჩვენებს, თუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ, პროექტების თანამედროვე მართვისთვის უწყება ერთიან სისტემას ქმნის. „200-ზე მეტი პროექტი, რომელსაც უშუალოდ სამინისტრო ახორციელებს და კიდევ ხუთი ამდენი პროექტი, რომელსაც ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვახორციელებთ, საერთო სისტემაში მოექცევა. მასში აისახება მთელი სამუშაო ციკლი – საპროექტო წინადადებიდან დაწყებული, პროექტის ჩაბარებით დამთავრებული, რაც იქნება თანამედროვე დონე პროექტების უკეთესი მართვის თვალსაზრისით.“

დავით ნარმანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხარისხის, როგორც საქართველოს ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. „ახალი რეგულაციები, რომელიც ჩვენ გზების სამუშაოებისთვის შევიმუშავეთ თანამედროვე ეროვნული ნორმების შესაქმნელად, ხარისხიანი და ხანგრძლივვადიანი პროექტების განსახორციელებლად არის აუცილებელი,“ – თქვა მან, – „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საერთშორისო დონორებიდან მოზიდული სახსრებით მოკლევადიანი პროექტები ვაკეთოთ. შეიძლება, მეტი რესურსის გამოყენება დაგვჭირდეს, მაგრამ შედეგი გაცილებით ეფექტიანი გვექნება. ხარისხიანი შედეგისთვის დავნერგეთ ჩვენ პერიოდული შემოწმების მექანიზმები. კონტროლი და მონიტორინგი საუკეთესო საშუალებაა ჩავარდნების დროულად აღმოჩენისა და მათი სწრაფი გადაწყვეტისთვის. სამუშაოების პერიოდული შემოწმება, სტანდარტების მოწესრიგება და ამ სტანდარტების შესაბამისად სამუშაოების შესრულება – არის ის სამი პრინციპი, რომელიც მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.“

კონფერენციის გახსნამდე, კონფერენციის სტუმრებმა და მონაწილეებმა დაათვალიერეს ტექნიკის გამოფენა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში მოეწყო. „ამ გამოფენით ჩვენ გვინდოდა კარგი სამსახური გაგვეწია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩვენ ბაზარზე ტექნიკის გაყიდვით არიან დაკავებულები,“ – აღნიშნა დავით ნარმნაიამ, – „ეს არის ინფორმაციის გაცვლის კარგი შესაძლებლობა მათსა და ჩვენთან მოქმედ სამშენებლო კომპანიებს შორის.“

III საერთშორისო კონფერენცია – „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ – სამდღიანია და იგი მუშაობას 13 სექტემბერს დაასრულებს.