ილია ბეგიაშვილი ლაგოდეხში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს გაეცნო

25 აპრილი 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. წყლის პროექტი 2015 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. 
გასულ წელს დაიწყო გზის პროექტი და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამორტიზებული წყლის მილების გამო, სამუშაო სოფელ ვაშლოვანშიც შეფერხდა. მგფ-ში აცხადებენ, რომ ორი კვირის ვადაში მოხდება სასმელი წყლის გადართვა ახალ ქსელზე, რის შემდეგაც საგზაო სამუშაო განახლდება  
ორივე პროექტის გაჭიანურებას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა. 
არსებულ ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და კახეთის გუბერნატორი  გაეცნენ.
,,ლაგოდეხის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს წყალმომარაგების პრობლემა. ამიტომ, თავისი  მასშტაბიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში მთელი სისტემის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტია. პარალელურად, სოფელ ვაშლოვანში, სადაც დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელი ძირითადი ტურისტული გზა გადის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დავაჩქარებთ. პროექტების  დასრულების შემდეგ, წყალმომარაგებისა და გადაადგილების პრობლემაც მოგვარდება. განახლებული ინფრასტრუქტურით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე გაზრდილი ტურისტული ნაკადი ისარგებლებს“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. 
ორივე პროექტის დასრულების ახალი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოა. პროექტებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და საერთო ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.