სართიჭალის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები

20 აგვისტო 2013

20 აგვისტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში – სოფელ სართიჭალაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სოფელ სართიჭალის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სარიაბილიტაციო სამუშაოები მინისტრთან და ფონდის დირექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.


გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ( EIB)-ის დაფინანსებით, სოფელ სართიჭალის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 2,325,403.65ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის 24 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის 15 ოქტომბრისათვის დასრულდება. აღნიშნულ პროექტს შ.პ.ს. ,,ბელდ ინვესტი„ ახორციელებს, სამუშაოების ფარგლებში ჯამში პროექტის მიმდინარეობისას 80 ადამიანი დასაქმდა, აქედან 80% ადგილობრივი მოსახლეობა არის.


პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ სართიჭალის მოსახლეობას არა მხოლოდ წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხიც. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სოფელ სართიჭალის შიდა ქსელის მოწყობის სარეაბლიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა წყალსადენი სისტემის ქსელი, რაც მთლიანობაში 33,0 კმ მილის მოწყობას გულისხმობს. განახლდა ყველა საჭირო კომუნიკაცია. მიმდინარეობს ახალი დანადგარებით საქლორატოროს აღჭურვა, დამონტაჟდება 2-სატუმბი სადგური, პროექტის დასრულებამდე ასევე მოეწყობა „სკადას“ სისტემა, რაც მთელი ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში მდინარე იორის კალაპოტში მოეწყო 250,0 მ გაბიონი, ხოლო სათავე ნაგებობასთან მოეწყო წყალმიმღები ავზები და 350,0 მ. დრენაჟი, რაც ხელს უწყობს წყლის დებეტის ზრდას.
აღსანიშნავია რომ, პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ სართიჭალას მოეხსნება წყლის მიწოდების პრობლემა,რომელიც სართიჭალის მოსახლეობას წლებია აწუხებთ, შესაბამისად პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.