მცხეთა-მთიანეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

12 აპრილი 2013

 წეროვანის დევნილთა დასახლებაში საერთაშორისო ფონდ „მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ“ (ACF International) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დახურვის ღონისძიება გაიმართა. წეროვანის დევნილთა დასახლებაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით დევნილთა 27 საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 9 გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგადაც 50231 დევნილი და ადგილობრივი მოსახლე ადვილად უკავშირდება სასიცოცხლო მნიშველობის საჯარო დაწესებულებებს და შეუფერხებლად გააქვს მის მიერ მოწეული პროდუქცია ბაზარზე. 17 ობიექტზე სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგადაც 55562 დევნილი და ადგილობრივი მოსახლე ღებულობს სუფთა, მაღალი დებეტის და მეტი ოდენობის წყალს. ინფრასტრუქტურული კომპონენტის განხორციელებამ მთლიანობაში 110 000 იძულებით გადაადგილებულ პირსა და მათ მასპინძელ ოჯახებს მოუტანა სარგებელი და გააუმჯობესა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია ადგილებზე. საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.