სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 იანვარი 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესის გასაცნობად ვაზისუბანში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ზურაბ ალავიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  დავით ტაბიძე იმყოფებოდნენ.

ვაზისუბნის რამდენიმე გზაზე მხოლოდ  ასფალტის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი და, ამიტომ, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ,   მოსახლეობა ასფალტო-ბეტონის გზით ისარგებლებს.

პროექტი ითვალისწინებს სოფელ ვაზისუბანში, მთლიანობაში, 1.5 -კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომლის  სავალი ნაწილის მაქსიმალური სიგანე 6 მ-ს შეადგენს. ასევე გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების და წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 600 000 ლარს აჭარბებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება, დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე .