EBRD საქართველოში 14 მილონი ევროს ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს

13 თებერვალი 2014

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოადგილე გიორგი სოლომონია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ EBRD-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მგფ-შიც გაიმართა, რომელსაც ფონდის დირექტორთან ერთად მისი მოდგილე თეიმურაზ მურღულიაც ესწრებოდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და ენერგოეფექტურობის კუთხით განსახორციელებელ პროექტებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით მათი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით EBRD 14 მილიონი ევროს ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს. საერთო თანხიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 4 მილიონ ევროს საქართველოს გრანტის სახით გადასცემს, 10 მილიონ ევროს კი გრძელვადიანი სესხის სახით გამოუყოფს. საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორციელებასა და სამუშაოების მაღალკვალიფიციურ შესრულებაში. შესაბამის ხელშეკრულებაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

 

დონორმა ორგანიზაციამ სურვილი გამოთქვა, ასევე ჩაერთოს ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებაშიც. ქართული მხარის თქმით კი, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები საფრანგეთთან მიმდინარეობს. ჩაერთობა თუ არა პროექტში ევროპის რეკონკტრუქციისა და განვითარების ბანკი და რა ფორმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად იქნება მიღებული.