ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის ტერიტორიის სრული სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.    მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე, მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ვანის არქეოლოგიური სივრცის დასაცავად, ამჟამად ობიექტზე მიმდინარეობს ვანის მუზეუმის ნაკრძალის კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების: კარიბჭის,  მოზაიკური ტაძრის,  მრგვალი ტაძრის;  სამლოცველოს ზედა ტერასის,  ბავშვის სამარხის ზედა ტერასის გადახურვის სამუშაოები. ამავდროულად, შეკეთდება და განახლდება ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას აკავშირებს არქეოლოგიურ ზონასთან. არქეოლოგიური გათხრების ზონაში მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, დამონტაჟდება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები.

ამავდროულად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლის ზაფხულში იწყებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქციას.

ძველი შენობის ადგილზე ახალი შენობა აშენდება. მოეწყობა ავტოპარკი , აქედან ორი სადგომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ახალ შენობაში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო სივრცისა და მცირე ბიბლიოთეკის მოწყობა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს. მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე ტენდერი გამოცხადებულია და სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

 ვანში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის მისიის დირექტორთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.