მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  მარტვილის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 1,224,710.90 ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია, რის გამოც, გზის საფარი ამორტიზებული იყო და მოსახლეობას მასზე გადაადგილება უჭირდა.  რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.  

მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მარტვილში ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დაკავშირებას გაამარტივებს და მგზავრობას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის  აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. დაიგო 3,5 კმ.  ასფალტო- ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ობიექტზე, გზის გარდა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები.