რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ ასზე მეტი პროექტი განიხილა

10 იანვარი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 100-ზე მეტი პროექტი განიხილეს. პროექტები თავად მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს და მათი პრიორიტეტულობაც თავადვე განსაზღვრეს. კომისიამ მიღებული განაცხადების უმეტეს ნაწილს დადებითი რეკომენდაცია გაუწია, რამდენიმე პროექტი კი დამატებით შესწავლას საჭიროებს. განხილული პროექტების საერთო ღირებულება 36 მილიონ ლარამდეა, საიდანაც სამუშაოებისთვის 35,5 მილიონი ლარია, ხოლო 500 ათასი ლარი პროექტირების თანხაა.

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო სამუშაოებისთვის 135 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებს უკვე გამოუყო. სამთავრობო კომისიის მიერ დღეს დამტკიცებულ პროექტებზე კი მთავრობა გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს.

მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტებიდან პრიორიტეტული გზის საფარის მოწესრიგებაა. აგრეთვე, სხვადასხვა რეგიონებში დაგეგმილია ეზოების კეთილმოწყობა, საკანალიზაციო სისტემების გამართვა, საფეხბურთო სტადიონებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ამხანაგობების მიერ შემუშავებული წინადადებების თანადაფინანსება, საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია და სხვა.

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია დამატებითი საკითხების განსახილველად 2 კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება.