მგფ-მა სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

7 დეკემბერი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში  4 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.   პროექტის ღირებულება 950 675,00 ლარია და  ის მსოფლიო ბანკის  დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. სოფელ ჩალაუბნის გზას რეაბილიტაცია 1970 წლის შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, გზა მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის  მოსახლეობას მასზე გადაადგილება ძალიან უჭირდა. 

პროექტის ფარგლებში, მოხდება  სოფელ ჩალაუბნის ადგილობრივი მნიშვნელობის 4 კმ-იანი ამორტიზირებული გზის სრული რეაბილიტაცია, კერძოდ,  დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდება ეზოში შესასვლელები. სამშენებლო სამუშაოზე 40-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის  პირველ კვარტალში დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობა  უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. სოფელ ჩალაუბანში 1200-მდე მოსახლე ცხოვრობს.