ცაგერში ლასურიას ხიდი გაიხსნა

25 ივნისი 2013

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე ერთი ახლადაშენებული და ასევე რეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა. გახსნას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 3,081,463.25 ლარია. ხიდის რეაბილიტაცია 2012 წლის 16 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. ობიექტზე მშენებლობას ქართული კომპანია - შპს „მამისონი“ ახორციელებდა, პროექტის ფარგლებში ადგილზე ჯამში 72 ადამიანი იყო დასაქმებული. ლასურიას ხიდის რეაბილიტაციის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი მუნიციპალურ ცენტრს დაუკავშირდა. მდინარე ცხენისწყლის ადიდების დროს აღნიშნული სოფლები გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხდებოდა, ხოლო სოფლების მაცხოვრებლებს შემოვლითი გზით უხდებოდათ სარგებლობა. პროექტის დასრულების შედეგად სოფელ ლასურიას, მახაშის, დეხვის, ლესინდის, აღვის, ქვედა აღვის, კენაშის, სანორჩის მოსახლეობა უმოკლესი გზით დაუკავშირდება ცაგერის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისი-ალპანა-ამბროლაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას. სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული ხიდის ორი მალით (42 მეტრი) დაგრძელება, ხიდის საერთო სიგრძე ჯამში 147 მეტრია. ასევე სახრაველას ხევზე მოხდა 18 მეტრიანი ახალი ხიდის მშენებლობა. რეაბილიტაციის ფარგლებში ასევე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოეწყო ბეტონის დამბა.