სოფელ ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენების საყრელი ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა ხორციელდება

5 აგვისტო 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  ქალაქ თელავის შესასვლელში, სოფელ ვარდისუბანთან არსებული სამშენებლო ნარჩენების საყრელი ტერიტორიის გასუფთავებასა და აღდგენას ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება - 1 580 210,57 ლარია. არსებული ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდა. მიმდებარე ტერიტორია სრულად დაბინძურებული იყო.  ნაგავსაყრელის აღდგენა-დასუფთავების შემდეგ, ეკოლოგიური საფრთხე აღმოიფხვრება და მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქრება.  სამშენებლო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, მოხდა 2-კმ მონაკვეთის ტერიტორიის გასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან, კერძოდ, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის  კმ 65- კმ 67 მონაკვეთზე, ასევე, მდინარე მაწანწარასხევის  კალაპოტი გაიწმინდა ნატანისგან. ამასთან,  მდინარე მაწანწარასხევის მხრიდან მოეწყო ნაპირსამაგრი, კერძოდ, დამცავი გაბიონები და ქვაყრილი.  გაბიონებსა და საავტომობილო გზას შორის კი იგეგმება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად არსებული ეკოლოგიური პრობლემები სრულად მოგვარდება და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.