მგფ-ის დირექტორი ილია დარჩიაშვილი აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მანილაში იმყოფება

22 მაისი 2015

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ილია დარჩიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მანილაში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ფონდის დირექტორი და მერის მოადგილე ,,ცოდნის პარტნიორობის კვირეულში" იღებენ მონაწილეობას. აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული პარტნიორობის კვირეული ბანკსა და ქართულ მხარეს შორის გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას და თანამშრომლობის გაღრმავებას  ისახავს მიზანად.

კვირეულის მიზანია, პარტნიორ ქვეყნებთან მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა, კერძოდ, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ინკლუზიური ინფრასტრუქტურა, ინოვაციური ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და განათლება.

ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ილია დარჩიაშვილი აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელ პირებთან იმ პროექტებზე გამართავს შეხვედრებს, რომელიც ბანკის მიერ საქართველოში ფინანსდება და მის განხორციელებას  მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.  ამასთან, შეხვედრაზე საუბარი იქნება აზიის განვითარების ბანკთან ერთად მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

,,ცოდნის პარტნიორობის კვირეული რამდენიმე სესიას მოიცავს.  სესიებზე საუბარი იქნება ახალ ტექნოლოგიებზე ურბანული განვითარების პროცესში, ურბანულ ტრანსპორტზე, ქალაქის ინტეგირებულ დაგეგმვაზე,  მწვანე ინფრასტრუქტურასა და მდგრად განვითარებაზე. ამასთან, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი მონაწილეებს წარუდგენს საკუთარ კონცეფციას და მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც განისაზღვრება პარტნიორი ქალაქების საჭიროებები. დაიგეგმება თანამშრომლობის სფეროები და გრძელვადიანი პროექტების სტრატეგია.