წნორის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

16 აპრილი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, წნორში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მისი დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სისტემით, მაღალი ხარისხის წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ვლადიმერ ლაზარიშვილთან ერთად გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს 1250 მ3 მოცულობის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. ასევე, მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრულ რეაბილიტაციას, ქალაქის ქსელის სამი ზონის მოწყობას და 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობას.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ”ზიმო” ახორციელებს. სამუშაოებზე 23 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. მიმდინარე პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.