თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

9 აპრილი 2015

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების   ღირებულება - 1 108 914,99 ლარია. ამის პარალელურად თელავში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ფინანსდება და მისი ღირებულება  900 ათას ლარე მეტია, ორივე პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 40  ადამიანია დასაქმებული.  მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა დაათვალიერეს.

თელავში  არსებული  ქეთევან წამებულის ხევი დაზიანებულია და წყლის მოდინების შედეგად ხდება მისი გამორეცხვა, რაც  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ  საცხოვრებელ სახლებს, ბიზნესებსა   და საავტომობილო გზას საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ხევი ქალქის ცენტრშია, პროექტი ხევის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რის შედეგადაც არსებული საფრთხე მთლიანად აღმოიფხვრება.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება 810 მ არხის რეაბილიტაცია,  მოხდება არხის ძირის შეცვლა, არხის პარაპეტები ამაღლდება ბეტონით, არსებული, დაზიანებული, კომუნიკაციები შეიცვლება ახლით, მოხდება არხის ქართული აგურით სრულად მოპირკეთება, მოეწყობა ორი ახალი ხიდი,  არხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტროტუარებზე კი გაკეთდება გამწვანების ზოლი და გარე განათება. სამუშაოები 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა თელავის გამგეობის გვერდით ხდება, გარდა ახალი შენობის მშენებლობისა მოხდება გამგეობის შენობის სრული რეაბილიტაციაც, პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.