პრემიერ -მინისტრის ინიციატივით 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს

4 აპრილი 2015

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ამაშუკელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ამ  დროისათვის უკვე დასრულებულია 3 ოთხსართული შენობის საძირკვლის რკინა-ბეტონის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს აღნიშნულ შენობებში სარდაფის სართულების მოწყობა და ადმინისტრაციული შენობის საძირკველში ბეტონის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება. ასევე გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება მოეწყობა. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. 

პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5.250.777 ლარს შეადგენს.

საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს გადაეცემა. სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებასა და განათლების მიღებას ერთდროულად 320 სტუდენტი შეძლებს. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2016 წელს იგეგმება.