მგფ–ი ფოთში 280 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 7 ახალ კორპუსს აშენებს

15 ივლისი 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა, ფოთში მიმდინარე 7 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი,  ევროკავშირის  დაფინანსებით, ფოთის  მუნიციპალიტეტში  იძულებით გადაადგილებულ პირთათვის   7  ახალ საცხოვრებელ  კორპუსს აშენებს.  შვიდი  ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის, რომელშიც 280  იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს  ბინას, ჯამში ევროკავშირის მიერ  9 180101.99 ლარია გამოყოფილი.

 
ფონდის დაკვეთით  სამშენებლო სამუშაოები ყველა  სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს.  თითოეულ კორპუსში 40 ბინაა   გათვალსიწინებული –   10 ერთოთახიანი,  30 ოროთახიანი. სულ შვიდივე კორპუსში  280  ბინა იქნება. შესაბამისად მშენებლობის დასრულების შემდეგ 280 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლის გასაღები.შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  ჯამში 280 ბინიდან 20 ბინა სწორედ შშმ პირებს გადაეცემათ. ბინების  განაწილება  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების  სამინისტროს  კომპეტენციაა.