320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან ერთად თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე დღეს 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5.250.777 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებულია 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება. ასევე გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება მოეწყობა. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება.
საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს გადაეცემა. სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებასა და განათლების მიღებას ერთდროულად 320 სტუდენტი შეძლებს. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2016 წელს იგეგმება.