109 დევნილ ოჯახს ახალი სახლის გასაღები გადაეცა
109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ გადასცეს. ქ. ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია.
დღესვე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მინისტრმა სოზარ სუბარმა და მგფ-ის დირექტორი მოადგილე თორნიკე თორაძემ ნგრევადი ობიექტები მოინახულეს, საიდანაც 45 დევნილი ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა. ამ განსახლებით, ქუთაისში, 8 ისეთი ობიექტი დაიხურება, რომლებიც შენობების მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდა იქ მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ოცხელის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 1850-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად“, ბინა 109 ოჯახს გადაეცა. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი დევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლში იცხოვრებენ.
109 ბინიდან 44 -ერთოთახიანი, 53-ოროთახიანი, 12 ბინა კი-სამოთახიანია. აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა. პროექტის განხორციელების განმავლობაში მშენებლობაზე 170-მდე ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 25 % იძულებით გადაადგილებული პირი იყო.
2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 შენობის რეაბილიტაცია განახორციელა და ჯამში, საცხოვრებლი სახლი 576 ოჯახს გადაეცა.