თბილისი_რუსთავის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე გზის დაგება დასრულდა
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მესამე 6.5 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის მარჯვენა (ფონიჭალა-რუსთავის) მიმართულებით ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება უკვე დასრულებულია. ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დაგებულ 6.5 კმ-იან მონაკვეთზე ამჟამად მიმდინარეობს უსაფრთხოებისა და გზის შემოფარგვლის სამუშაოები, ხორციელდება ლითონის ზღუდარებისა და საგზაო ნიშნების დაყენება.
ასევე უკვე დასრულდა 2 სატრანსპორტო კვანძის (ხიდის) მშენებლობა, ფეხით მოსიარულეთათვის გათვალისწინებულ სამ ხიდზე კი ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. აღნიშნულ მხარეს სანტრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივ რეჟიმში მოძრაობა სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს გადაერთვება.
პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან რუსთავამდე გზის დაფარვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი, გადაადგილება კი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ფარგლებში ავტომაგისტრალზე აშენდება გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა, სატრანსპორტო დასაფეხმავლო ხიდები, მოეწყობა ტროტუარები. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ კი, თბილისი-რუსთავის გზა სრულად განტვირთავს ამ მიმართულებით ორმხრივ მოძრაობას.
თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიგრძე 17 კმ-ზე მეტია და სირთულის გათვალისწინებით, სამ განსხვავებულ მონაკვეთად იყოფა. პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ გრძელდება. მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - სიგრძით 6,8 კმ. აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი,დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. მესამე 6,5კმ-იანი მონაკვეთი ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან იწყება და რუსთავის ავტობაზრობასთან დასრულდება. პირველ ეტაპზე, პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს,რომლის ღირებულებაც 88 761 128,95 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.