დევნილთა კოტეჯურ დასახლებებში მცხოვრებ 10 338 იძულებით გადაადგილებულ პირს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდა
დევნილთა კოტეჯურ ჩასახლებაში მცხოვრებ ასობით იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 10 კოტეჯურ დასახლებაში სანიტარული კვანძების გაუმჯობესების, წყალმომარაგებისა და დრენაჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. 5 სოფელში მოხდა გაზიფიცირება, დამატებით, 9 კოტეჯურ დასახლებაში- წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, 5 კოტეჯურ დასახლებაში კი გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები და მოეწყო სადრენაჟე არხები. პროექტების განხორციელების შედეგად 3 446 ოჯახის 10 338 იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 22,976,000 ლარი შეადგინა.
დევნილთა კოტეჯურ დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები, დღეს - სოფელ შავშვებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ერთად დაათვალიერეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში დევნილთა 5 კოტეჯურ დასახლებაში -სკრაში, ახალსოფელში, თელიანში, წილკანსა და ფრეზეთში -გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები და მოეწყო სადრენაჟე არხები. 9 კოტეჯურ დასახლებაში - ბერბუკში, ხურვალეთში, სკრაში, შავშვებში, კარალეთში, ახალსოფელში, მოხისში, მეტეხსა და წიკლანში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგურები და მოხდა არსებული სატუმბის რეაბილიტაცია. 5 კოტეჯურ დასახლებაში- თელიანში, ახალსოფელში, მოხისში, ხურვალეთსა და სკრაში მოხდა გაზიფიცირება, კერძოდ, გაიმართა მაგისტრალური და შიდა გაზსადენი ქსელები.
გარდა ამისა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისთვის 551 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა. მელიორაციის კომპანიას გადაეცა: ექსკავატორი, ორი ტრაქტორი, ორი პიკაპის ტიპის ავტომობილი და ორი ყველგანმავალი .
სოფელ ფრეზეთში 300 კოტეჯში აშენდა საპირფარეშო და აბაზანა, ასევე მოეწყო კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, სოფლებში- შავშვებში, ახალსოფლსა და თელიანში - ჯამში, 331 კოტეჯში აშენდა საპირფარეშო და აბაზანა, მოეწყო გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი.
სოფლებში - მოხისსა და წილკანში მდებარე 458 კოტეჯში ასევე აშენდა აბაზანა და საპირფარეშო , მოეწყო კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, მოწყო გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი. ასევე სოფლებში: ბერბუკში, მეტეხში, სკრასა და ხურვალეთშიც 394 კოტეჯში განხორციელდა ინდივიდუალური წყალმომარაგება, მოეწყო ცხიმდამჭერები სამზარეულოდან გამოსავალი წყლისთვის, ასევე გაკეთდა გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადსხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.